ოცდაორი მთვარე (12)

tumblr_nwepp3cbZC1u5w5k3o1_1280

 

5 თვე .. თითქოს  არაფერია როცა უკვე იპოვე ის ვინც შენთვისაა შექმნილი , ვისთანაც გინდა მთელი ცხოვრების გატარება , მაგრამ.. ვუყურებდი ისე თითქოს პირველად ან უკანასკნელად ვხედავდი. ვაკვირდებოდი მის ყველა უჯრედს . ვაკვირდებოდი ყვავილებს რომლებსაც ყოველ დილით წყალს უსხავდა. ვაკვირდებოდი დეილის მოტანილ ჭაჭის ბოთლს . მის თითებს , ვიმახსოვრებდი მის ყველა ჩასუნთქვა-ამოსუნთქვას, ყველა მიმიკას. ვაკვირდებოდი თეფშს სადაც ვაფერფლებდით, ჩართულ pink floyd-ს . პატარა ნათურებს ჭერში, ჩემ გაკეთებულ კოლაჟს ჩვენზე – კომპიუტერის ზევით რომ გააკრა. ვაკვირდებოდი არგოს ცარიელ ბოთლებს , მაცივარს სადაც ვარენიკების და ლუდის მეტი არაფერი შენახულა. მწვანე რაღაცას და დამდგარ ასანთის კოლოფს რაფაზე. ვაკვირდებოდი გაზზე დადგმულ წიწიბურას ქვაბს , წინა დღეს რომ გავაკეთე. ვიმახსოვრებდი  კიბეს – ძველით ახალ წელს რომ ვისხედით მე და დეილი და შეშინებულები ველოდებოდით ცოტნეს 10 წუთით რომ დაიკარგა. ვაკვირდები მარცხენა ხელზე ჩემ გაკეთებულ სამაჯურს, გაჩეჩილ თმას და 2 კოლოფ კენტს. ჩემი კბილის ჯაგრისს მის აბაზანაში . ვაკვირდებოდი მისი აივნიდან დანახულ სახლებს – აქედან ყველაფერი სხვანაირი ჩანდა , ჯადოსნური და ფსიქოდელიური, აქედან ჟანგბადიც სხვანაირად ისუნთქებოდა. ვაკვირდებოდი კალათებს თაროებზე და მოჟრუანტელე მაგიდის გადასაფარებელს. ვიმახსოვრებდი ამ ყველაფერს მაგრამ არაფერს ვაჩვენებდი, ისედაც გრძნობდა, ისედაც ვსაუბრობდით.


არ ვიცი რატომ მაგრამ მისი წასვლის დღეს ისეთი შეგრძნება მქონდა რომ სამუდამოდ ვემშვიდობებოდით ერთმანეთს. ორივე გაღიზიანებულები ვიყავით, ორივეს ძალიან ბევრის თქმა გვინდოდა მაგრამ ხმას ვერ ვიღებდით. მე ვიცოდი, ვიცოდი რომ ინტუიცია არც ამჯერად მატყუებდა. ვგრძნობდი რომ ეხლაც სწორ სიგნალებს მაძლევდა მიუხედავად იმისა რომ ამის ფიქრის არც საბაბი მქონია არც მიზეზი , ვიცოდი.

თვეზე მეტია არაფერი დამიწერია. ვამბობდი ნეტავ მივიდე იმ მდგომარეობამდე რომ წერა აღარ მომინდეს თქო და მივედი კიდეც , მაგრამ უკან დავბრუნდი. ესე, ხუთ დღეში. რაღაც აღსარებასავით გამომდის , მაგრამ ეხლა რომ არ დავწერო და ჩემთვის დავიტოვო ყველაფერი მარტივად – ავფეთქდები. მეგობრებს არ ვნახულობ, სახლიდან არ გავდივარ, ჩემ ბუდეში ვარ შეყუჟული და ყველანაირი კავშირი მაქვს დაკარგული გარე სამყაროსთან, ესე მირჩევნია.

აქაც მეწერა ადრე რომ საკუთარ თავს არ/ვერ ვიცნობდი. მთელი ცხოვრება სხვისი ცხოვრებით ვცხოვდობდი აი ესე – ინსტინქტურად, ზომბივით. მეგონა ესეც უნდა ყოფილიყო მაგრამ დისკომფორტი რომელსაც ამ დროს განვიცდიდი ჩემთვის გაუგებარი მიზეზების გამო მოსვენებას არ მაძლევდა. თუ ის ცხოვრება , საქციელები მე მეკუთვნოდა და ჩემი გადაწყვეტილი იყო რატომ ვგრძნობდი თავს ცუდად? რატომ მქონდა შეგრძნება რომ რაღაც ისე ვერ იყო როგორც უნდა ყოფილიყო? ეხლა ვიცი პასუხი. რამდენიმე თვის წინ გავიგე მაგრამ უკვე გვიანია . გვიანია იმის შეცვლა რასაც ვეღარ შეცვლი ვერასდროს. როგორც ერთმა ადამიანმა მითხრა “გასროლილ ტყვიას უკან ვეღარ დააბრუნებო” მართლა ესეა. ვისურვებდი უკენ დაბრუნებას ნამდვილი მეობით , კი – ვნანობ . ვნანობ რომ სხვისმა ცხოვრებამ ჩემ რეალურ მეზე მოახდინა გავლენა და ჩემგან დამოუკიდებლად, ჩემი სურვილის საწინააღმდეგოდ შეცვალა აწმყოც და მომავალიც.


ყოველთვის ვამბობდი რა უნდა იყოს იმაზე ძლიერი და რა უნდა მოერიოს იმ დიდ სიყვარულს რასაც ორი ადამიანი ერთმანეთში ატარებს თქო. არ მჯეროდა როცა ამბობდნენ დავშორდით მაგრამ გვიყვარს ერთმანეთიო. როგორ ? რა შეიძლება იყოს მიზეზი როცა ორივეს უნდა ორივეს უყვარს? რომელმა მიწიერმა ბულშითმა უნდა აჯობოს ამ ატომურ ბომბს? არ მესმის. ალბათ სისუტემ. გაჩენილმა ბზარმა და უიმედობამ, “გამართლების” ბევრი მიზეზი არსებობს მაგრამ პირველი სისუსტეა. სადაც სისუსტეა იქ სიყვარულზე ლაპარაკი უკვე ზედმეტია.

დღეს 22 მარტია . ისევ 22. 22 რომელიც ყოველთვის ყველაფერს ცვლის. 22 რომელიც მოსვენებას არ მაძლევდა არასდროს და სავსე მთვარე. დღეს უკვე დავიღალეთ, დღეს უკვე გავქრით.


მე ვიყავი იქ სადაც თავიდანვე უნდა ვყოფილიყავი, შუა სივრცეში, ვცურავდი სამყაროს ცენტრში, მაგრამ გვიან მივედი.  მე ვიყავი გალაქტიკების დაშლის მონაწილე, ვიყავი დრო და სივრცე, არანაირი ძვალი და ხორცი. და უცბათ ვიგრძენი კვამლის სუნი , რომელიც ჩვენ აგვდიოდა, იუპიტერზე ოცნებამ და მთვარის სილამაზემ გადაგვწვა, ვერ შევირგეთ მათ გარშემო ცეკვა.  ეს არ არის სიყვარულის ისტორია , ეს ჯადოქრობაა. იმიტომ , რომ ყოველთვის როცა თვალს ვხუჭავ ის ჩემ გვერდით დგას. ვუყურებ მის სახეს, ვაშტერდები მის თვალებს, მე მას  მთლიანად ვგრძნობ , მოლეკულებიდან დაწყებული იმ ენერგიით დამთავრებული რომელსაც თავისგან დამოუკიდებლად ატარებს . მერე მეღვიძება . მესიზმრებოდა. ბალიში ისევ გამოსაცვლელია. ისევ ვიძინებ და ისევ იგივე სიზმარს ვნახულობ. თვალს ვახელ და ჩემ გვერდით წევს. დრო ისევ დაბრუნდა, უბრალოდ წასასვლელი იყო.  მთელი ცხოვრება გამოვიყენებ ამ პატარა ხრიკს , მანამდე სანამ რეალურ ცხოვრებაში არ დავაბრუნებ.  ჩემ სამყაროს ჩავალაგებ მოგონებების 9 ყუთში, ისეთი ადგილის ბილეთს ვიყიდი რომელიც გამიგია და მინახავს გვერდზე გადადებულ ოცნებაში რომელსაც ერთად ვქმნიდით და დავტოვებ აქაურობას, აი ესე.

 

 

Leave a comment